ახლა მანგლისში ვარ, აივანზე ვზივარ, გავცქერი ჩემ წინ კაკლის ხის ტოტებს და ჭოტის კივილს ვისმენ. თან რაღაცას ვწერ. ეს დღეები სრულ დასვენებასა და პასიურ ცხოვრებას დავუთმე. არავის და არაფერს არ ვხედავ. ჩამოვედი და გარეთ მხოლოდ მაღაზიაში თუ გავალ. ჯერ პენსიონერივით ვისვენებ და სიმართლე გითხრათ, ფრიად კმაყოფილი ვარ. მე აქ ლამისაა განათლების მინისტრად აღმიქვან და ყველა,ნაცნობი თუ უცნობი, განათლების საკითხებზე იწყებს ჩემთან ლაპარაკს. დაახლოებით ისეა,ექიმს რომ ნახავენ და მაშინვე ავადმყოფობაზე ელაპარაკებიან. ხოდა მეც ასე ვარ. ვინ რა იცის, რომ ამ საკითხებზე ფიქრს გამოვექეცი და განტვირთვა მინდა. ამიტომ გადასარევი ხერხია: არ გახვიდე გარეთ…ხოდა ვზივარ ახლა აივანზე(ისე ამ ადგილზე მეტად არაფერი მიყვარს ქვეყანაზე) და გავცქერი სივრცეს. თითქოს ამ სივრცემ მინდა დამავიწყოს ყველა ტკივილი თუ პრობლემა, რომელიც კარგა ხანია ჩემს სულს არ შორდება. ალბათ, აქაც თავს ვიტყუებ. გაქცევა მინდა საკუთარი თავისაგან, მაგრამ სად ეგ აღარ ვიცი. ოოოხ, როგორ ვეღარ ვზიდავ მარტო სულს…..